ყოფილი ელჩი: რუსეთის ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი ელცინის დროსაც იყო და პუტინისაც

Sputnik
თბილისი, 26 იანვარი − Sputnik. არ გამოვრიცხავ, ​​რომ რუსეთის პირველ პრეზიდენტ ბორის ელცინს ამერიკელ კოლეგა ბილ კლინტონთან ნატოში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე ესაუბრა, განაცხადა რუსეთის ყოფილმა ელჩმა შეერთებულ შტატებში ვლადიმირ ლუკინმა.
მანამდე ამერიკულმა მხარემ გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომელიც 1994 წელს ბორის ელცინსა და ბილ კლინტონს შორის ნოვო-ოგარიოვოში პირისპირი საუბრის სტენოგრამას შეიცავს. ჩანაწერის თანახმად, ელცინმა კლინტონს განუცხადა, რომ რუსეთი პირველი უნდა შეუერთდეს ნატოს იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო ბლოკი გაფართოებას გადაწყვეტს.
მსოფლიო დღეს
განსაიდუმლოებული დოკუმენტი: ელცინი კლინტონს რუსეთის ნატოში გაწევრიანებას სთავაზობდა
როგორც ლუკინმა განმარტა, შეერთებულ შტატებში ელჩად 1992-1993 წლებში მსახურობდა და ამიტომ 1994 წლის შეხვედრას არ დასწრებია.
„მაგრამ, შეიძლებოდა თუ არა, რომ ასეთი საუბარი შემდგარიყო? ვფიქრობ, შეიძლებოდა, ვინაიდან ასეთი საუბრები იყო მანამდეც და მას შემდეგაც, როგორც პრეზიდენტ ელცინის, ისე პრეზიდენტ პუტინის დროს“, − აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.
თუმცა, როგორც მან განმარტა, ეს „სრულიად განსხვავებულ კონტექსტში ხდებოდა“, როდესაც რუსეთსა და აშშ-ს შორის დღევანდელისგან განსხვავებული ურთიერთობები იყო − ნატო არ ფართოვდებოდა და მხარეები მხოლოდ სინჯავდნენ ახალი მსოფლიო წესრიგის შესაძლებლობას.
„სამწუხაროდ, ამერიკულმა მხარემ ნატოს გაფართოების სხვა გზა აირჩია, რუსეთის მონაწილეობის გარეშე. ამ გზაზე ძალიან სერიოზული კრიზისული და კონფლიქტური სიტუაციები წარმოიშვა, რომლებიც დღემდე არ დასრულებულა", − დასძინა დიპლომატმა.
ამასთან ლუკინი ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ხედავს იმაში, რომ აშშ-მა სტენოგრამა განასაიდუმლოვა. მისი თქმით, ყველა ქვეყანას თავისი კანონები აქვს, რომელთა თანახმადაც საჯაროვდება ესა თუ ის დოკუმენტი.