თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა.
კიბერშეტევის შედეგად ვებგვერდზე www.president.ge განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.