საავტომობილო ხიდი სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან დააკავშირებს

Sputnik
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. მიმდინარეობს საგზაო ხიდის პროექტირება, რომელიც სადგურის მოედანს ცოტნე დადიანის ქუჩასთან დააკავშირებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პროექტი ითვალისწინებს სადგურის მოედნის რეკონსტრუქციას და საგზაო კვანძის შექმნას, სადაც პრიორიტეტი საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიენიჭება. გარდა ამისა, მოეწყობა „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა, რომელიც შეამცირებს მგზავრობის დროს როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის.
კალაძის ინფორმაციით, ახალი ხიდის პროექტზე მუშაობა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ხორციელდება.
გარდა ამისა, თითოეული შემოთავაზებული პროექტისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის კვლევა, შესაბამისად, ყველა მათგანისთვის უნდა ჩატარდეს გავლენების ანალიზი.
სადგურის მოედნის რეკონსტრუქცია და ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ერთ-ერთი პროექტია, რომელიც თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში დანიური კომპანია Ramboll-სთვის იქნა შეთავაზებული.
2023 წლის ბოლოს Ramboll-მა თბილისის მერიას სატრანსპორტო გზების განვითარების 15-წლიანი გეგმა შესთავაზა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს თბილისში ტრამვაის დაბრუნებას, საბაგირო გზების განვითარებას და ქალაქის ცენტრის სრულ რეკონსტრუქციას.
„სტრატეგია მოიცავს ისეთ უპრეცედენტო პროექტებს, როგორიცაა დიდი დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით - ეს შეიძლება იყოს ტრამვაი ან მეტრო", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, რადგანაც აღმაშენებლის ხეივანი ძალზე გადატვირთულია, დიდი დიღმიდან გამოსვლა დიდი პრობლემას წარმოადგენს, ეს ასევე პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. მერია საკითხის მოგვარებას წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა და ტრანსპორტის მოძრაობის ორმხრივად აღდგენის შემდეგ გეგმავს.
შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება
სხდომაზე კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანს დაავალა დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, გაწერონ რეკომენდებულ ღონისძიებებზე მუშაობის დაწყების თარიღები და შედეგები საზოგადოებას წარუდგინონ.