კალაძე VS ხაზარაძე: ოპოზიციონერმა თბილისის მერს სასამართლოში უჩივლა

ოპოზიციური პარტიის ლიდერის ადვოკატმა დღეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა მამაუკა ხაზარაძემ პატივისა და ღირსების შელახვისთვის თბილისის მერს კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლა, განაცხადა ჟურნალისტებთან ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში კახა კალაძის წინააღმდეგ სარჩელი ხაზარაძის ადვოკატმა დღეს შეიტანა.
„ბატონმა კალაძემ მამუკა ხაზარაძეზე განაცხადა, რომ ის ადამიანებს აუბედურებდა, ბიზნესს ართმევდა, რაც პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებაა. ჩვენ სარჩელი ამ ცნობების უარყოფის მოთხოვნით შეგვაქვს, რადგან ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, ყალბი ცნობებია და შესაბამისად, სასამართლოს ვთხოვთ, ბატონ კალაძეს დაავალოს აღნიშნული ცნობის უარყოფა“, - განაცხადა კორძაძემ.
ადვოკატის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მიერ კახა კალაძისთვის გავრცელებული არასწორი ცნობის უარყოფის დავალებაა.
კალაძე & ხაზარაძე
კახა კალაძე 17 იანვარს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პარტია „ლელოსა“ და მის ლიდერ მამუკა ხაზარაძეზე. მან ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოქალაქეებისთვის ბიზნესების წართმევაში დაადანაშაულა.
„ბატონი ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ იყო, მაგრამ იყო პირველი, ვინც ბინძური საქმეები ჩაიდინა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“, - განაცხადა კალაძემ.
ამის საპასუხოდ ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით - „მართლა, ყველას ახსოვს ყველაფერი... დანარჩენზე სასამართლოში“. მან გააზიარა ვიდეო 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ გასული გადაცემიდან, რომელშიც კახა კალაძე ღია მხარდაჭერას უცხადებდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
საარქივო ვიდეოში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ კალაძემ შეძლო გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი და ფეხბურთელი და ახლა მას შეუძლია გახდეს პრეზიდენტი. კალაძე, თავის მხრივ, მადლობას უხდის სააკაშვილს კომპლიმენტისთვის. ის ასევე ამბობს, რომ ადამიანი ბრმა უნდა იყოს, რომ არ დაინახოს, რა გაკეთდა ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა, აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
კალაძის თქმით, ყველამ კარგად უწყის, თუ რომელი ვიდეოა ეს.
„აღნიშნულ ვიდეოში ვსაუბრობ იმაზე, თუ რა კარგი საქმეები კეთდებოდა, ასევე, იმ პრობლემებზე, გულისტკივილსა და მძიმე ფაქტებზე, რომლებიც მაშინ ხდებოდა. ვიდეოს მეორე ნაწილი მოჭრილია და მხოლოდ პირველი ნაწილი განთავსდა. აქ იკვეთება ყველაფერი და საზოგადოება კარგად ხედავს, თუ ვინ არის მამუკა ხაზარაძე“, - განაცხადა კალაძემ.
ხაზარაძის საქმე
2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის" შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
კალაძე VS ხაზარაძე: თბილისის მერმა ოპოზიციონერის „ვიდეო-კომპრომატს" უპასუხა>>>
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის იანვარში ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 7–7 წლით პატიმრობა შეეფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს.