თბილისი, 24 იანვარი— Sputnik. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე და მიმდინარე და დაგემილი პროექტები ჩამოთვალა.
მისი თქმით, ბევრი პროექტი დასრულდა, რამდენიმე მიმდინარეა, ხოლო ნაწილი - დასრულების ეტაპზეა. მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გლდანის საცურაო აუზს, რომელიც ფუნქციონირებას თებერვლიდან დაიწყებს. ასევე, გაზაფხულზე დასრულდება დიდ დიღომში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები.
„სპორტული ტრადიციების შენარჩუნება, გაღრმავება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, -განაცხადა კალაძემ.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვაზისუბნის დასახლებასა და დიდ დიღომში დასრულდა ღია ტიპის სკეიტ-მოედნების მოწყობის სამუშაოები, ასევე ვაზისუბანში სრულდება ფეხბურთის მოედნის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნება.
დასრულების ეტაპზეა ლადო ასათიანის N50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები. კალაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტრენაჟორებისა და ინვენტარის შესყიდვა. ცენტრი გაიხსნება მიმდინარე წლის გაზაფხულზე; ასევე დასრულების ეტაპზეა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სამგორის ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფილიალი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყებს.
მერია ქალაქის სპორტულ ინფრასტრუქტურას ანახლებს
© Tbilisi City Hall
დასრულების ეტაპზეა ვარკეთილის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოების I ეტაპი, მარტში დაიწყებასამუშაოების II ეტაპი. ცენტრის გახსნა ზაფხულშია დაგეგმილი.
სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ დიდ ლილოში. მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება.
იგეგმება კორტების მშენებლობა ვერის რაიონში, ასევე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი კომპლექსის დიღმის მასივში.
თბილისის მერია ასევე გეგმავს მუხიანის რაგბის კომპლექსის მოედნის საფარის შეცვლას.
მერიაში აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს თანხების მოძიება თემქის კომპლექსის, ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრისა და ედელვაისის მოედნის რეაბილიტაციისთვის, ასევე ისანში გადახურული სკეიტ-მოედნის ასაშენებლად.