თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც იძიებს სამართალდამცავების თვითნებობას და აკონტროლებს მათი ქმედებების შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, ხელბორკილების გამოყენების სპეციალური წესები შეიმუშავა.
ხელბორკილები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შემაკავებელი მეთოდია, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოში იყენებენ მოძალადეების დაკავებისა და დამნაშავეების გადაყვანისას.
ინსტრუქციის მიხედვით, საქართველოში დაშვებულია როგორც ლითონის, ასევე პლასტმასის/სილიკონის ხელბორკილების გამოყენება.
პოლიციას შეუძლია ხელბორკილების გამოყენება შემდეგნაირად:
ხელბორკილი გამოიყენოს დაკავებულის მკლავთან შესაბამისობაში და თავიდან აიცილოს ხელბორკილის მოჭერა/სხეულის დაზიანება;
პირს, ვისაც ხელბორკილი დაედო, დამკავებელმა ჰკითხოს, ხომ არ არის ხელბორკილი ძალიან მჭიდროდ მოჭერილი;
მიზანშეწონილია, დამკავებელმა ფიზიკურადაც შეამოწმოს ხელბორკილი მაჯაზე ხომ არ არის მოჭერილი და საჭიროების შემთხვევაში მოუშვას ისინი, ამასთან გაითვალისწინოს დაკავებული დაპატიმრებული პირის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის/გაქცევის რისკები;
ხელბორკილის გამოყენება უნდა აისახოს შესაბამის ოქმში;
დამკავებელმა გააფრთხილოს დაკავებული პირი, რომ ხელბორკილმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, თუ ის წინააღმდეგობას გასწევს;
ხელბორკილის დადება დაკავებული პირის ზურგს უკან ხელების შებორკვით უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც დაკავების ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მიმალვის რისკის თავიდან აცილება და დაკავებაში მონაწილე პირების/დაკავებულის უსაფრთხოების დაცვა ხელბორკილის სხეულის წინა მხარეს დადებით ვერ მოხერხდება;
დამკავებელმა გაითვალისწინოს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დაკავებული პირის ასაკი და სქესი, აშკარა ფიზიკური სიძლიერე და სხვა.
ხელბორკილების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
პირის დაკავება ხდება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში;
დაკავება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით;
მიმდინარეობს დაკავებულის გადაყვანა, ეტაპირება სასამართლოში;
მიმდინარეობს პატიმრის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში ან სხვა ციხეში;
დაკავებულის საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობისთვის.
არასრულწლოვანებთან მიმართებაში ხელბორკილების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მცირე ხნით, მხოლოდ რისკის შესაბამისად და არა დამამცირებელი სახით.