საქართველო და საუდის არაბეთი მთავრობათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ქმნიან

შეთანხმება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ილია დარჩიაშვილმა და პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰანმა მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ნათქვამია უწყების პრესსამსახურში.
ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნა 2022 წელს, საუდის არაბეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა.
შეთანხმების თანახმად, მთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრები მიიღებს რეგულარულ ხასიათს. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შექმნას, რომლებიც პერიოდულად გამართავენ სხდომებს და კონსულტაციებს.
საქართველოს ისრაელში, ჩინეთში, ქუვეითსა და იორდანიაში ახალი ელჩები ჰყავს>>
დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.