მერია თბილისში ბასლაინებს ამატებს: ლოკაციები

„ბასლაინები“ გაჩნდება გელოვანის გამზირზე და აღმაშენებლის ხეივანზე
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი– Sputnik. თბილისის მერია მარშალ გელოვანის გამზირზე და აღმაშენებლის ხეივანზე „ბასლაინებს“ მოაწყობს, განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
„ბასლაინების“ მოწყობა დაიწყება იანვრის ბოლოს, როდესაც წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები დასრულდება.
„იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას ხელი შევუწყოთ, რომ გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს გაჭედილი აღმაშენებლის ხეივანში, აუცილებელია საავტობუსო ზოლების მოწყობა. ეს ასევე საჭიროა მარშალ გელოვანის გამზირზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, დღეს დიდი დიღმიდან გამოსვლა პრობლემას წარმოადგენს როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.
თბილისის მერია უკვე მრავალი წელია ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი გახდეს, ასევე ქალაქის საცობებისგან განთავისუფლება. ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სატრანსპორტო დერეფნების შექმნა.
წერეთლის გამზირი: მერია ახალ შეზღუდვებს აწესებს>>
ავტობუსების თავისუფლად გადაადგილებისთვის, თბილისის სხვადასხვა რაიონში, უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო კვანძებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქმნება. ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მოძრაობაში არსებული შეფერხებების აღმოფხვრას და მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.
ეტაპობრივად, ქალაქის ხელისუფლება ავტობუსების ზოლებს აწყობს თბილისის გარემონტებულ გამზირებსა და ქუჩებზე: ეს არის მელიქიშვილის, ჭავჭავაძის, თამარ მეფის, ყაზბეგის, პეკინის ქუჩები. იანვრის ბოლოსთვის „ბასლაინები“ წერეთლის გამზირზეც გაჩნდება.