კომპენსაცია 12 ან 4 თვის ხელფასის ოდენობით: შეთავაზება რესპუბლიკურის პერსონალისთვის

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა შეთავაზებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 14 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ.
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი– Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს (შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა) შენობის დემონტაჟს იწყებს, რომლის ადგილზეც ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფროფილური საავადმყოფო აშენდება.
კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილისთვის კი სპეციალური ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რაც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული.
ფრთხილად! თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში გადაადგილება სახიფათოა>>>
უწყების ცნობით, კლინიკის თანამშრომლებს კომპენსაციას ან სხვა სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებას სთავაზებენ. მათ შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან ის ვარიანტი აირჩიონ, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი იქნება. პროცესს მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური.
შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:
ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი;
თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით 4 თვის ხელფასს მიიღებს;
სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო სხვა სამედიცინო კლინიკაში იმავე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს;
სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა შეთავაზებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 14 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ, რის შემდეგაც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები დაიწყება.
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.
ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კლინიკის თანამშრომლებს კომპენსაციას ან სხვა სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებას შესთავაზებს და მათ შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან ის ვარიანტი აირჩიონ, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი იქნება.
ამგვარად, საავადმყოფოს თანამშრომლებს მთელი წლის კომპენსაციას შესთავაზებენ, თუ ისინი უარს იტყვიან სხვაგან მუშაობაზე; დასაქმება მინიმუმ იმავე თანამდებობაზე სხვა კლინიკაში და ფულადი ანაზღაურება ოთხი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოს თანამშრომელს სურს დაელოდო საუკეთესო წინადადებას, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის მისი ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასიდან გამომდინარე გადაიხადოს კომპენსაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სანამ ის სადმე არ დაიწყებს მუშაობას.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა 22 იანვარს საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს, რომელზეც ეს საკითხები განიხილეს.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონური ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.