საქართველოს ზამთრის კურორტებზე სამდღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართება

ფესტივალის ფარგლებში გასართობი სივრცეები მოეწყობა როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის.
Sputnik
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე პროექტ „გიზ-გიზს“ იწყებს.
ფესტივალი გუდაურში - 2-4 თებერვალს, ბაკურიანში - 9-11 თებერვალს, გოდერძიზე - 17-18 თებერვალს, ხოლო მესტიაში 1-3 მარტს ჩატარდება.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა, ფესტივალი ზამთრის კურორტებზე ხელს შეუწყობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას.
„დამსვენებლებს, მოგზაურებს საშუალება ექნებათ კურორტებზე სრიალის შემდეგ ფესტივალზე მუსიკით დატკბნენ. მსგავსი ფესტივალები აპრობირებულია საერთაშორისო სათხილამურო კურორტებზე, ჩვენ კვალდაკვალ მივყვებით მსოფლიო ტრენდებს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ზამთრის კურორტებზე“, - განაცხადა ომიაძემ.
უწყების ცნობით, ფესტივალის ფარგლებში დამსვენებლის მოსაზიდად ზამთრის გასართობი სოფლები მოეწყობა, დაგეგმილია პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები. მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ ბენდები და დიჯეები.
ასევე მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი ზამთრის, სრიალისა და მთის თემატიკის შესახებ, კვების სივრცეები, ბარი, ფოტო და საბავშვო ზონები. საფესტივალო ტერიტორია აღჭურვილი იქნება გამათბობლებით,
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.