თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. პოლიციამ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, ქართველი მწერალი, სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".
მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების პროცესი აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა სამშაბათს, დილიდან დაიწყეს. გამოსახლების მოწინააღმდეგეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები დილიდანვე შეიკრიბნენ მისი სახლთან, რომლებმაც სადარბაზოს შესასვლელი გადაკეტეს. შედეგად, კეკელიძის ქუჩაზე პოლიციის დამატებითი ძალები გამოჩნდა.
შსს-ს ინციდენტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.
ოპოზიციური პარტია „ხალხისთვის" ლიდერის ანა დოლიძის თქმით, სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს გიორგი ღვინჯილია და ერთი სამოქალაქო აქტივისტი.
ბინის ყოფილი მფლობელის, მარინა ხატიაშვილის თქმით, 2008 წელს მან „საქართველოს ბანკიდან" 20 ათასი დოლარის ოდენობის სესხი აიღო, თუმცა 2013 წელს, თვენახევრიანი ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკართან გადაამისამართა. საბოლოოდ, ქალმა ბანკს ხუთი წლის განმავლობაში 43 ათასი დოლარი, იპოთეკარს კი მთლიანობაში 80 ათასი დოლარი გადაუხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციით, 2019 წლის შემდეგ ეს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების მეხუთე მცდელობაა.