თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფინეთში, ჰელსინკის MATKA 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
სამდღიან გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად თბილისის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სამცხე-ჯავახეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და ტურისტული კომპანიები მონაწილეობდნენ. საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო ფინეთში საქართველოს საელჩო.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. სტუმრები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს სამთო კურორტებით, კულინარიით და სხვა ტურისტული პროდუქტებით დაინტერესდნენ. ქვეყნის ტურისტული მიმართულებით ფინურთან ერთად სკანდინავიური ქვეყნების ტურისტული კომპანიები დაინტერესდნენ.
MATKA Nordic Travel Fair – ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ჰელსინკის საგამოფენო ცენტრ Messukeskus-ში იანვარში ტარდება. წელს გამოფენაში 70 ქვეყნის 850 კომპანია მონაწილეობდა.
ღონისძიების მონაწილეებს შორის იყვნენ ტურისტული ინდუსტრიის ყველა სეგმენტის წარმომადგენლები: ტურ-ოპერატორები, ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები, გადამზიდველები, ტურისტული ოფისები, ბიზნეს-კომპანიები და ა.შ.