ფრთხილად! თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში გადაადგილება სახიფათოა

საქართველოს მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 1970-იან წლებშია აშენებული.
Sputnik
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. თბილისში, აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) შენობა ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა, რის გამოც შრომის ინსპექციამ სამედიცინო დაწესებულების სახიფათო ადგილები დახურა და ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
უამინდობის გამო ჩაიმტვრა მინები. კლინიკის თანამშრომლებისა და პაციენტების უსაფრთხოება შრომის ინსპექციის სამსახურისა და მარეგულირებელი სააგენტოს წარმომადგენლებმა შეამოწმეს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟს იწყებს, რომლის ადგილზეც ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფროფილური საავადმყოფო აშენდება.
შრომის ინსპექციის ოქმში აღნიშნულია, რომ საავადმყოფოს ავარიული შენობიდან მუდმივად ცვივა ნამსხვრევები. ამ მიზეზით საშიში ზონები გადაკეტილია და ადამიანების გადაადგილება ამ პერიმეტრზე შეზღუდულია.
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.
ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. . პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კლინიკის თანამშრომლებს კომპენსაციას ან სხვა სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებას შესთავაზებს და მათ შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან ის ვარიანტი აირჩიონ, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი იქნება.
ამგვარად, საავადმყოფოს თანამშრომლებს მთელი წლის კომპენსაციას შესთავაზებენ, თუ ისინი უარს იტყვიან სხვაგან მუშაობაზე; დასაქმება მინიმუმ იმავე თანამდებობაზე სხვა კლინიკაში და ფულადი ანაზღაურება ოთხი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოს თანამშრომელს სურს დაელოდო საუკეთესო წინადადებას, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის მისი ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასიდან გამომდინარე გადაიხადოს კომპენსაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სანამ ის სადმე არ დაიწყებს მუშაობას.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეუძლიათ გადავიდნენ არა მხოლოდ სხვა სახელმწიფო კლინიკებში, არამედ კერძო კლინიკებშიც.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა 22 იანვარს საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს, რომელზეც ეს საკითხები განიხილეს.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონური ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.