თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაშია ბრალდებული, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
უმძიმესი შემთხვევა კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 18 იანვარს მოხდა. 13 წლის მოზარდი მამიდის ქმარმა გააუპატიურა. გოგონამ მომხდარის შესახებ დედას უამბო.
თავად მამაკაცი ამ დრომდე კახეთის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს გაიმართება.
მამაკაცს ბრალდება სსკ-ის 137-ე მუხლით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმის მასალების მიხედვით, ფაქტის გახმაურების შემდეგ გოგონას მეორე ბიძამ (მამის ძმამ) ბრალდებულს, 45 წლამდე მამაკაცს დანით ჭრილობები მიაყენა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა. მას საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობის მცდელობას (საქართველოს სსკ-ის19-108-ე მუხლი) ედავება.