თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსით ავადობის პიკი იანვრის ბოლომდე გაგრძელდება, განაცხადა თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებთან.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართველი ექიმები ვირუსული დაავადებების გავრცელების მკვეთრ ზრდაზე საუბრობენ. მათი თქმით, გადატვირთულია საავადმყოფოები, განსაკუთრებით ბავშვთა განყოფილებები. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული არაფერი ხდება და ეს ვითარება დამახასიათებელია ვირუსული სეზონისთვის.
„ახლა გრიპის კუთხით შემთხვევების მაქსიმალური ზრდა და, სავარაუდოდ, ასეთი აქტივობა იანვრის ბოლომდე შენარჩუნდება“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ქვეყანაში, ძირითადად, А ტიპის ვირუსები ცირკულირებს - ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ.
ამ დროისთვის, შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია გრიპის ვირუსით, თუმცა საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსიც. ამ სეზონზე ასევე გვხვდება ადენოვირუსი და რინოვირუსი, რომლებიც ყოველთვის ცირკულირებენ ამ პერიოდში.
მთავარი რეკომენდაციები დაავადების დროს არის სხეულის ტემპერატურის კონტროლი, ბევრი სითხის მიღება და გართულების დროს ექიმთან ვიზიტი.
ვირუსებთან ბრძოლის ძირითადი ხერხი კვლავ პირბადე და ვაქცინაციაა.