თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებლების წარმატებული სტუდენტები საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას შეძლებენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ორი-სამი წლის მანძილზე 100-150 სტუდენტის სწავლას დააფინანსებს. უწყება დაფარავს როგორც სწავლის, ისე საზღვარგარეთ ცხოვრების ხარჯებს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ საშუალება ექნებათ დასაქმდნენ ქვეყანაში მოქმედ სახელმწიფო სამედიცინო კლინიკებში. პირველ ეტაპზე პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარი იქნება.
მინისტრის თქმით, ორი-სამი წლის შემდეგ საქართველოს ეყოლება სერიოზული სამედიცინო აქტივი საზღვარგარეთიდან დაბრუნებული სტუდენტების სახით.
აღნიშნული რეზიდენტურის პროგრამა თითოეული სტუდენტისთვის 18-დან 24 თვემდე გაგრძელდება.