თბილისი ნებისმიერ ტკივილს მოგიხსნით - ინდური გამოცემა

გეოთერმული წყაროები საქართველოს დედაქალაქის კულტურისა და იდენტობის ნაწილად იქცა, აღნიშნა ავტორმა
Sputnik
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. თბილისის სპა-კულტურა ტკივილისგან გიხსნით, ნათქვამია პოპულარული ინდური გამოცემა Deccan Herald-ის სტატიაში, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში გამოცემის ჟურნალისტმა კალპანა სანდერმა იმოგზაურა. მან საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და კულინარიის შესახებ რამდენიმე სტატია მოამზადა.

„ჩაყვინთეთ საქართველოს დედაქალაქის სპა კულტურაში და თქვენ ტკივილები გაგიქრებათ... ბევრმა არ იცის თბილისის გოგირდის წყლების არსებობის შესახებ, რომელიც მიწისქვეშ მოედინება. სწორედ, თერმული წყაროების არსებობის მიზეზით დაარსდა თბილისი. გეოთერმული წყაროები საქართველოს დედაქალაქის კულტურისა და იდენტობის სანუკვარ ნაწილად იქცა“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორმა დაწვრილებით აღწერა თბილისის ისტორია, ქალაქის ძველი უბნები, აბანოები და დედაქალაქის ბალნეოლოგიური კურორტი, რომელსაც სტუმრობენ ცნობილი ადამიანები, მათ შორის აქ ერთ დროს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი იმყოფებოდა.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე თბილისის გოგირდის წყაროები ასახულია ქალაქის კულტურაში, მუსიკასა და პოეზიაში.