თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის დეკემბერში, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, 10,9%-ით გაიზარდა, ყველაზე მეტად სასტუმროებში განთავსება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიზარდა, ნათქვამია PMCG კვლევითი ცენტრი PMCG–ს ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
კვლევის მიხედვით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.0%-ით, საოჯახო სასტუმროების კი 7%-ით გაიზარდა. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე დაბალი ფასების ინდექსი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იყო (0,0%).
გარდა ამისა, წელიწადის ჭრილში (2022 წლის დეკემბერთან შედარებით) სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა 7%-ით, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10%-ით, ხოლო სასტუმრო სახლების ფასები შემცირდა 5,5%-ით. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (19.6%), ყველაზე დაბალი – თბილისში (-11.5%).
2023 წლის დეკემბერში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 157 ლარი იყო, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი – 253 ლარი. სასტუმრო სახლებში საშუალო ფასი 123 ლარს შეადგენდა.
5–ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 407 ლარი იყო.
სტანდარტული 2-ოთახიანი სასტუმრო ოთახის საშუალო ფასი კახეთში 547 ლარი იყო, თბილისში – 529 ლარი, გურიაში – 409 ლარი, აჭარაში – 325 ლარი.