თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა თავი შეირცხვინა საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე, რადგან ტყუილად აბრალებდნენ ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ (CPT) საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის პერიოდში სერიოზული დარღვევები ვერ აღმოაჩინა, თუმცა, აღნიშნა კლინიკაში მისი პრივილეგირებული მდგომარეობა სხვა პატიმრებთან შედარებით, რადგანაც ექს-პრეზიდენტს აქვს ტელევიზორი, მას შეუძლია ისარგებლოს ინტერნეტით, იღებს მნახველებს და პალატაში იმყოფება მარტო.
„ორი წელიწადი გვაცხოვრებდნენ ისე, თითქოს სააკაშვილს აწამებდნენ, წამლავდნენ და ა.შ. დღეს კი, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნაში, ფაქტობრივად, ითქვა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, პრეზიდენტი სანდუ და ევროპარლამენტარები იტყუებოდნენ, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდნენ... დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა თავი შეირცხვინა საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე, რადგან ტყუილად აბრალებდნენ საქართველოს სააკაშვილის წამებას", - განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იგი ამ ადამიანებისგან ბოდიშს ელოდება, თუმცა „ამის მოლოდინიც ნაკლებად არის ხანდახან".
მისი თქმით, აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) მეშვეობით გაირკვა, რომ მილიონები იყო დახარჯული ლობისტებში, რათა ეყიდათ სტატიები, სატელევიზიო რეპორტაჟები, პოლიტიკური განცხადებები და საზოგადოებამ ისიც კი გაიგო, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტები ამერიკელი ლობისტების მიერ იყო შედგენილი.
„აი, ასე შეირცხვინა თავი საქართველოს წინაშე ბევრმა ორგანიზაციამ და ბევრმა პოლიტიკოსმა დასავლეთში... უნდა დავფიქრდეთ, რა არის ასეთი ძალა, რომელიც ასეთ ენერგიას ხარჯავს, რომ იყიდოს მედია, პოლიტიკური განცხადებები და სხვადასხვა რეზოლუცია. ამაზე უნდა იფიქროს ხალხმა და, მათ შორის, იფიქროს იმაზე, რა გამოწვევების წინაშე დგას ხოლმე საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„პირველი არხის" გადაცემა „აქტუალური თემის" წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება, ეს დასკვნა გახდეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების სისტემაში გადაყვანის საფუძველი, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხს ექიმები წყვეტენ.
„მთავარია დიდი სურათი, დიდ სურათში კი, თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას რამე პრობლემა შეექმნა, ამაში დამნაშავეები არიან მისი მფარველები, მისი მხარდამჭერები და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, თავად იგი", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და საკუთარ თავს ზიანი მიაყენა, რადგანაც მას იმედს აძლევდა რეზოლუციები, უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები, დიპლომატების დემარშები და ექიმები, რომლებსაც მისი ანალიზები ფარულად წინდებით გაჰქონდათ, აღნიშნა სპიკერმა.
„ეს ყველაფერი მას იმედს აძლევდა, კიდევ ცოტაც, ერთი დღეც იშიმშილე, ერთი კვირაც მიამატე, ცოტა კიდევ დაიკელი და ციხიდან აუცილებლად გიხსნითო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თუმცა, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი დანაშაულებისთვის, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე აქვს ჩადენილი და, რა თქმა უნდა, მისი რეჟიმის მსხვერპლები იმსახურებენ იმას, რომ კანონის უზენაესობა აღსრულდეს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.