თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. მესტიაში 16 იანვარს ელექტროენერგიის მოხმარების ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა – დღეღამურმა მოხმარებამ 500 ათასი კვტ/სთ შეადგინა, იუწყება ელექტროგამანაწილებელი კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია“ (Energo Pro Georgia).
მესტია ორი წლის წინ უკვე აღმოჩნდა სკანდალის ცენტრში კრიპტოვალუტის მაინინგის ბევრი ობიექტის გამო. მაშინ ელექტროენერგიის ჭარბმა გამოყენებამ ქვეყნის დასავლეთით დენის გათიშვები გამოიწვია.
„ჩვენს არეალში არსებული 56 ქალაქის თუ რაიონული ცენტრის, 35 დაბის და 3100 სოფლის 1 მილიონმა მოსახლემ მოიხმარა 6 მილიონი კილოვატ/საათი, ანუ დედაქალაქისა და ოკუპირებული რეგიონების გარდა, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მოიხმარა 6 მილიონი კილავატ/საათი და მათ შორის ნახევარი მილიონი მოიხმარა ზემო სვანეთის სამი ათასმა მომხმარებელმა“, – განაცხადა კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძემ.
მან აღნიშნა, რომ ნადგურდება რეგიონის ელმომარაგებისთვის არსებული ინფრასტრუქტურა, მატულობს ავარიული გათიშვების ოდენობა და სამწუხაროდ ეს შეუქცევადი პროცესია, მატულობს ხანძრების რისკი, იზრდება რეგიონის ხანგრძლივი შეზღუდვის რისკები.
„ალბათ, თუ რაიონმა მოიხმარა 15 უფრო დიდი რაიონის ტოლფასი ელექტროენერგია, კიდევ ისე უნდა გაძლიერდეს ქსელი, რომ 30-40 რაიონის მოხმარება მოხერხდეს... ეს ხომ არ არის პრობლემის გადაწყვეტის გზა?“ – განაცხადა ბოცვაძემ.
მისი თქმით, თუ მესტია უხვი ნალექისა და ძლიერი ყინვების ზონაში აღმოჩნდება ელექტროენერგიის გარეშე, პასუხისმგებლობა კომპანიას ვერ დაეკისრება.
„პასუხისმგებლობა ეკისრება იმ არაკეთილსინდისიერ მომხმარებელს, რომლებიც ბოროტად იყენებენ იმ დიდ სიკეთეს, რაც აქვს მესტიის მოსახლეობას უკვე მრავალი წელია ენერგო-პროსგან, უფასო ელექტრომომარაგებას ვგულისხმობ და ამ მიმართულებით ზემო სვანეთში დალექილია კომპანიის 60 მილიონი ლარი“, – განაცხადა ბოცვაძემ.
ორი წლის წინ ქსელის გადატვირთვა და დაზიანება მაინინგური ფერმების მხრიდან ელექტროენერგიის რეკორდულმა მოხმარებამ გამოიწვია. აქ ისინი დიდი რაოდენობით არიან, რადგანაც მაღალმთიან რაიონში მომუშავე მეწარმეებისთვის დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფები დაბალია, მოსახლეობისთვის კი ელექტროენერგია უფასოა.
კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF ) 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ვირტუალური ვალუტის გამომუშავებას კი ქვეყანაში 60 მეგავატი ელექტროენერგია ხმარდებოდა.