თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად არის დაბალანსებული, რაც მიანიშნებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ აღმოსავლეთ ევროპის ფორუმზე.
ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. 2023 წლის მაისიდან მარეგულირებელმა მისი შემცირება დაიწყო და იგი 10,5%-ის ნიშნულზე დადგინა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე და დეკემბერში 9,5%–მდე შემცირდა.
„ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არაა, რადგან რისკები მაინც არსებობს“, – განაცხადა თურნავამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ეროვნული ბანკის ამოცანაა, რომ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდეს და ისინი მიზნობრივთან ახლოს დარჩეს.
„ზომიერად მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მიმართ მეტ ნდობას ემსახურება, განსაკუთრებით, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან შეუსაბამობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ“, – განაცხადა თურნავამ.
ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წელს, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, მიზნობრივ მაჩვენებელს– 3%–ს –დროებით გადააჭარბებს და საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, მასთან ახლოს შენარჩუნდება.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.