თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულ გუნდს ინგლისელი მწვრთნელი, 52 წლის რიჩარდ კოკერილი გაწვრთნის, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირი.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან მაისაშვილმა პოსტი საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების წარუმატებელი გამოსვლიდან მალევე დატოვა. საფრანგეთში თამაშების შემდეგ საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-11-დან მე-14 ადგილზე ჩამოქვეითდა. ქართველმა მორაგბეებმა ოთხი მატჩიდან სამი წააგეს. მაისაშვილი 2020 წლიდან იყო ნაკრების და ასევე ფრენჩაიზი „შავი ლომის“ მწვრთნელი.
საქართველოს რაგბის კავშირმა ახალ მწვრთნელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პარალელურად, კოკერილი იქნება პირველი ქართული ფრენჩაიზის „შავი ლომის“ მწვრთნელი.
კოკერილი ფრანგული კლუბ „მონპელიეს“ მთავარ მწვრთნელად გასული სეზონის დასაწყისში დაინიშნა. მალევე გაათავისუფლეს საფრანგეთის ჩემპიონატში (TOP 14) წარუმატებელი თამაშის გამო.
კოკერელმა მწვრთნელობა 2005 წელს დაიწყო. „მონპელიეში“ დანიშვნამდე ის ინგლისის ნაკრების მწვრთნელი იყო.