თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა და ის ბოლომდე ერთგული იქნება ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეის, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ევრაზიის ახალი განთიადი?" გამოსვლისას განაცხადა.
შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
„საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული ვართ ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი გახდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის ინტერესი ალტერნატიული მარშრუტების მიმართ.
„ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში გასულ წელს. პრეზიდენტ სი ძინ პინს შევხვდი და გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორობა სტრატეგიულ დონეზე აგვეყვანა. ჩინეთმა ინტერესი რანდენიმე თვის წინ დააფიქსირა. პრეზიდენტმა გამოთქვა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ და მიმაჩნია, რომ ეს მეტ სტიმულს და მუხტს მისცემს ამ იდეის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
პრემიერის თქმით, საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ძალიან ნათელი და მკაფიო გეგმა გვაქვს შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით, ხოლო ორი წლის წინ ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას.
„ვიცით, რისი გაკეთებაა საჭირო - საპორტე ინფრასტრუქტურის გაფართოება, წარმადობის განვითარება, რკინიგზის მოდერნიზაცია, აეროპორტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ.“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2024 წელს იგეგმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება, ასევე რკინიგზის მოდერნიზაცია.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
2023 წლის თებერვალში კერძო პარტნიორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, და უკვე ივნისში განაცხადები შეიტანა ოთხმა კომპანიამ. მომდევნო ეტაპზე გადავიდა ორი კომპანია, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა - შვეიცარიულ-ლუქსენბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.
კანდიდატებს წინადადებების წარსადგენად ვადა 2024 წლის 19 თებერვლამდე მიეცათ.
„უახლეს ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. წელს გვინდა ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება ანაკლიაში, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე. ასევე, მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია და წელს დასრულდება. მისი გამტარუნარიანობა საქართველოში გაორმაგდება და 48 მილიონ ტონს გადააჭარბებს“, - განაცხადაა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ასევე იგეგმება ახალი აეროპორტის მშენებლობაც ვაზიანში, რომლის წყალობით აც ქვეყანა შეძლებს თავი დაიმკვიდროს
სრული პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ ავიაციის რეგიონალურ ჰაბადაც ვიქცეთ, განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, წელს დასრულდება ყველა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა საავტომობილო გზების მშენებლობა, ჩქაროსნული „აღმოსავლეთი-დასავლეთის“ ავტომაგისტრალის მშენებლობა, სხვა მნიშვნელოვანი პროექტები ორი წლის შემდეგ დასრულდება.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, იგივე ევროპის სატრანზიტო გზა E-60, სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც საფრანგეთის ბრესტში იწყება და ირკეშტამში (ყირგიზეთი)მთავრდება. საქართველოში E-60 აზერბაიჯანის საზღვარზე იწყება და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი დერეფნის სიგრძე 392 კმ-ია.
დავოსის ფორუმი
ფორუმი დავოსში (World Economic Forum) ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. აქ იკრიბებიან სახელმწიფოს მეთაურები და უდიდესი კომპანიების წარმომადგენლები. სწორედ ეს ფორუმია ადგილი, სადაც იწყება მოლაპარაკებები შემდგომ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, თანხმდებიან კრედიტების გაცემაზე და იზიდავენ ინვესტიციებს.
ფორუმის დამაარსებელი და წამყვანია ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი კლაუს შვაბი.
ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში დელეგაციასთან ერთად 16 იანვარს გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას იღებს დავოსის 54-ე ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. ფორუმი 15 იანვარს გაიხსნა და 19 იანვარს დასრულდება. ღონისძიების მთავარი თემა წელს „ნდობის აღდგენაა".