პრემიერი: აზერბაიჯანი და სომხეთი საქართველოს მოძმე ქვეყნებია

დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი მალე იპოვიან გამოსავალს და ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, განაცხადა ღარიბაშვილმა
Sputnik
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოს არა მარტო პარტნიორები, არამედ მოძმე ქვეყნებიც არიან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელზე.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა იმუშაოს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. მან ასევე არაერთხელ დაასახელა თბილისი, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოლაპარაკებების პლატფორმა.
„საქართველოს აქვს ძალიან მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ისინი ძმები და მეგობრები არიან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების პოზიციაა ორმხრივ დონეზე ურთიერთობა, რაც, ღარიბაშვილის თქმით, სწორი გზაა.
„ჩვენ გვესმის, რომ ამ რეგიონში ბევრი მოთამაშეა. დავამატებდი, რომ ვიცი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების პოზიცია იმის თაობაზე, რომ მათ სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა ორმხრივ დონეზე. პირადად მიმაჩნია, რომ ეს სწორია გზაა, რადგან ამდენი შუამავლის რაოდენობით, ამდენი დაინტერესებული მხარით, პროცესი ხანდახან უფრო კონფლიქტური და კონტრპროდუქტიული ხდება, ამიტომ მათ წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი მალე იპოვიან გამოსავალს და ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
პაპუაშვილი: საქართველოს მთავარი მიზანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებაა>>>
2021 წლის ივნისში საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა 15 სომეხი ტყვე, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა.
მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში დელეგაციასთან ერთად 16 იანვარს გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას იღებს დავოსის 54-ე ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. ფორუმი 15 იანვარს გაიხსნა და 19 იანვარს დასრულდება. ღონისძიების მთავარი თემა წელს „ნდობის აღდგენაა".
ფორუმი დავოსში (World Economic Forum) ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. აქ იკრიბებიან სახელმწიფოს მეთაურები და უდიდესი კომპანიების წარმომადგენლები. სწორედ ეს ფორუმია ადგილი, სადაც იწყება მოლაპარაკებები შემდგომ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, თანხმდებიან კრედიტების გაცემაზე და იზიდავენ ინვესტიციებს.