თბილისი, 17 იანვარი— Sputnik. საქართველოდან 16 იანვრის მდგომარეობით, 36.2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 23,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 144%-ით (21.4 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება - 183%-ით (15.1 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა.
უწყების ცნობით, საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება - „ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევიდა.
2023 წლის 25 ოქტომბერს აჭარის რეგიონში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომლის მიზანია ციტრუსოვანი ხილის ლოგისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების უზრუნველყოფა.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე წელს სუბსიდირება, გასულ წელთან შედარებით, 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 25 თეთრით განისაზღვრა. საწარმოს მიერ გადახდილ 5 თეთრს, სუბსიდიის თანხა ემატება და ფერმერი ჩაბარებულ არასტანდარტულ მანდარინში 30 თეთრს იღებს.
წელს მოსალოდნელია 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავლის აღება. საექსპორტო მანდარინს ციტრუსის გადამამუშავებელი 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს. ხოლო არასტანდარტულ მანდარინს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა ჩაიბარებს.