მსოფლიო დღეს

ჯანმო: თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობის მიუხედავად, მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა მცირდება

Sputnik
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. მიუხედავად თამბაქოს მწარმოებლების მცდელობისა, ხელი შეუშალონ პროგრესს, მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები მუდმივად მცირდება, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ ანგარიშში.
ჯანმოს ცნობით, 2022 წლის ტენდენციები აჩვენებს, რომ თამბაქოს მსოფლიოში ყოველი ხუთი ზრდასრულიდან მხოლოდ ერთი მოიხმარს. ეს მაჩვენებელი 2000 წელს ყოველი სამიდან ერთი იყო.
ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს 150 ქვეყანა წარმატებით ამცირებს თამბაქოს მოხმარებას.

„ბოლო წლებში თამბაქოს კონტროლში კარგი პროგრესია მიღწეული, მაგრამ ახლა თვითკმაყოფილების დრო არ არის. გაოგნებული ვარ, თუ რაზე შეუძლია წასვლა თამბაქოს ინდუსტრიას უთვალავი სიცოცხლის ხარჯზე მოგების მისაღებად“, — ამბობს ჯანმოს ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი რუდიგერ კრეხი.

მისი თქმით, იმ მომენტში, როდესაც რომელიმე ქვეყნის მთავრობა ფიქრობს, რომ თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა მოიგო, თამბაქოს ინდუსტრია ჯანმრთელობის პოლიტიკით მანიპულირებას იწყებს, რათა „თავისი მომაკვდინებელი პროდუქტი“ გაყიდოს.
ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, განაგრძონ თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკის დანერგვა და ასევე ბრძოლა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის წინააღმდეგაც.
ახალი მონაცემების თანახად, ამ დროისათვის ყველაზე მეტი მწეველი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ფიქსირდება — ეს ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 26,5%-ია. მას ოდნავ ჩამორჩება ევროპა — იქ ეს მაჩვენებელი 25,3%-ია.
ამასთან ევროპაში მწეველი ქალების რაოდენობა ორზე მეტჯერ აღემატება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს და ბევრად ნელა მცირდება, ვიდრე სხვა რეგიონებში.
როგორც ჯანმოს ანგარიშშია ნათქვამი, 2030 წლისთვის თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სწორედ ევროპაში იქნება.
წყარო: who