რკინა, სქესი და სხვა: მეცნიერებმა დაადგინეს, ვინ ცოცხლობს დიდხანს

Sputnik
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, ორგანიზმში რკინის რაოდენობა, ადამიანის სქესი, განათლების დონე და მსოფლმხედველობაც კი, ამტკიცებენ მეცნიერები.
ამ დასკვნის გაკეთებამდე სწავლულებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს.

რკინის მტკიცებულება

სისხლში რკინის მაღალი დონე ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, ამტკიცებენ ბრიტანელი და გერმანელი მკვლევარები. ხოლო თუ ორგანიზმში ამ მიკროელემენტის შემცველობა ნორმის ფარგლებშია, ასაკობრივი ცვლილებები, პირიქით, ნელდება.
ცნობილია, რომ რკინა გავლენას ახდენს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის უნარზე. ასაკთან დაკავშირებული მრავალი დაავადების დროს, მაგალითად, პარკინსონის დაავადების ან ღვიძლის დაზიანებისას, ამ მიკროელემენტის ძალიან მაღალი ან მეტისმეტად დაბალი რაოდენობა აღინიშნება. ამიტომ მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ რკინის მეტაბოლიზმი მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც დღეგრძელობისთვის, ისე ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის.

სქესის საკითხი

ერთდროულად რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის თანახმად, სიცოცხლის ხანგრძლივობა მკაცრად არის დამოკიდებული სქესზე: ძუძუმწოვრების თითქმის ყველა სახეობის მდედრი საშუალოდ უფრო მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე მამრი.
გერმანელმა და დანიელმა მეცნიერებმა გააანალიზეს დემოგრაფიული ვითარება ყველაზე მძიმე პერიოდებში:
კუნძულ ტრინიდადზე მონებით ვაჭრობის დროს,
ისლანდიაში — წითელას ეპიდემიის დროს,
შვედეთში, ირლანდიასა და უკრაინაში — შიმშილობის დროს.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ძლიერი სქესი უფრო დაუცველია ტესტოსტერონის გამო, რომელსაც იმუნური სისტემის მოშლა შეუძლია. ქალის ჰორმონ ესტროგენს კი, პირიქით, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

ვინც ყოველთვის კარგად არის

ამერიკელი ექიმების ნაშრომის თანახმად, დღეგრძელობაზე ასევე მოქმედებს ადამიანის მსოფლმხედველობა.
1,5 ათასი მამაკაცისა და დაახლოებით 70 ათასი ქალის მონაცემების შესწავლის შედეგად ექსპერტებმა დაადგინეს, რომ:
ეს იმით აიხსნება, რომ ხალისიან ადამიანებს ნაკლებად ემართებათ გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების დაავადებები. გარდა ამისა, ისინი უფრო მეტად იცავენ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ნაშრომის ავტორების აზრით, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი — ოპტიმისტების თვითდაჯერებულობა. ისინი ნაკლებად ემოციურად რეაგირებენ რთულ სიტუაციებზე და უფრო სწრაფად გამოდიან სტრესული მდგომარეობიდან.

მეტი იცი, მეტხანს ცოცხლობ

მეცნიერების საერთაშორისო გუნდს მიაჩნია, რომ დღეგრძელობისთვის ასევე მნიშვნელოვანია განათლების დონე, უფრო სწორად, მის მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა.
200 ათასი ევროპელის შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ, რაც უფრო ისწრაფვის ცოდნისკენ, მით უფრო დღეგრძელია ადამიანი.
ამასთან, ავტორები აღნიშნავენ, რომ გამოვლენილი კორელაცია მხოლოდ სტატისტიკურია და არა მიზეზ-შედეგობრივი.