თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველო ვერ შეასრულებს „შუა დერეფნის" ფუნქციას სავაჭრო კავშირებისა და ჩინეთთან კარგი ურთიერთობის გარეშე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთი დიდ როლს ასრულებს. შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
„თუ საქართველოს სურს შეასრულოს შუა დერეფნის ფუნქცია, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰქონდეს აქტიური და ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ევროკავშირთან და, მეორე მხრივ, ჩინეთთან“, - განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება ე.წ. შუა დერეფნის ფუნქციის შესრულებაა.
„თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევა შესაძლებელია ჩინეთის გამორიცხვით, მაშინ, რა თქმა უნდა, ის ან იტყუება, ან უბრალოდ იმდენად დილეტანტია, რომ ამ თვალსაზრისის განხილვაც კი არ ღირს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ამჟამად ჩინეთში იმყოფება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დელეგაცია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სადაც იმართება უმაღლესი დონის შეხვედრები. „ქართული ოცნების" დეპუტატთა ვიზიტი ჩინეთში 15 იანვარს დაიწყო და 20 იანვარს დასრულდება.
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9,5%-ით ნაკლებია 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე. 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 57,1%-ით შემცირდა და 283,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 21,4%-ით გაიზარდა და 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების შთამბეჭდავ ზრდას ელიან.
ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება განიხილა, როგორც რისკი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობისთვის. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სიფრთხილით დაამყარონ ურთიერთობები ჩინეთთან - განავითარონ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდნენ პოლიტიკურად.
ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსი უცვლელია და ამასთან, ქვეყანას აქვს ის, რისი შეთავაზებაც შეუძლია დასავლეთისთვის. მაგალითად, ქვეყანა შუა დერეფნის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური გახდა უკრაინაში კონფლიქტისა და აზიიდან ევროპაში გადაზიდვების უწყვეტი ჯაჭვის ახალი გზების ძიების ფონზე.