თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოების შემსრულებელ კონტრაქტორებთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ დაჩქარებული წესით ეძებს ალტერნატიულ კომპანიებს, რათა შეთანხმებულ ვადებში გაიხსნას მოძრაობა, განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება 16 იანვარს გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა. როგორც მერიაში აღნიშნეს, ეს ფაქტი მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებაზე გავლენას არ მოახდენს და გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა იანვრის ბოლოსთვის აღდგება.
„ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება, ვინაიდან, იცით, რომ ჩვენ მოსახლეობის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად უნდა აღდგეს და საგზაო სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. ამიტომ დაჩქარებული რეჟიმით მიმდინარეობს კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებები, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება და შეუფერხებლად გაგრძელდება სამუშაოები", - განაცხადა ბენდელიანმა.
ვადა, რომელიც ადრე თბილისის მოსახლეობას დაუსახელეს, არ გადაიდება, სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და მოძრაობა აღდგება ორივე მიმართულებით, ხაზგასმით აღნიშნა მერის მოადგილემ.
თბილისის მერიამ გამზირის აღდგენის მიზნით ახალი გამარტივებული ტენდერი უკვე გამოაცხადა. მისი ღირებულება 17,7 მილიონი ლარია.
ბენდელიანის თქმით, კონტრაქტორ კომპანიებს მოეთხოვებათ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორება და კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი შესრულებულ სამუშაოზე შესაბამის თანხას გადაიხდის.
როგორც ბენდელიანმა განმარტა, წერეთლის გამზირის აღდგენისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არ გაიზრდება.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
წერეთლის გამზირის აღდგენა სამ ლოტად მიმდინარეობს: ორი, 22,2 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები Millennium Builders Group-მა შეასრულა, ხოლო კომპანია R.T.D. – ერთ ლოტზე იმუშავა და 9 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ჩაატარა.