ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში დავოსის ფორუმზე გაემგზავრა

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის 54-ე ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე შედიან.
შვეიცარიის სამთო კურორტი მსოფლიოს 54-ე ეკონომიკურ ფორუმზე ამჯერად 3 ათას სტუმარს მასპინძლობს, რომელთაგანაც 60 სახელმწიფოს ლიდერია.
ფორუმზე არ განიხილება მხოლოდ ეკონომიკა. მონაწილეები იმსჯელებენ მსოფლიოს გამოწვევებზე, უსაფრთხოებასა და გრძელვადიან სტრატეგიებზე კლიმატისა და ენერგეტიკის მიმართულებით.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი 15 იანვარს გაიხსნა და 19 იანვარს დასრულდება. ღონისძიების მთავარი თემა წელს „ნდობის აღდგენაა".