თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2023 წელს მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 6 მილიონზე მეტს მოემსახურნენ, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 35%-ით მეტია, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
სააგენტოს ინფორმაციით, მგზავრთნაკადის მაჩვენებლებმა გადააჭარბა 2019 წლის, პანდემიამდე პერიოდის მონაცემებს. პირველად საქართველოს ისტორიაში 2019 წელს უცხოელები საქართველოს 9,3 მილიონჯერ ეწვივნენ.
მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში - 2023 წელი
აეროპორტი | მგზავრების რაოდენობა, ადამიანი | ზრდა,% |
თბილისი | 3.694.052 | 23 |
ქუთაისი | 1.671.198 | 110 |
ბათუმი | 621.514 | 0.75 |
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გასულ წელს100%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებულ მგზავრთნაკადს (ზრდა 0,05%). ქუთაისის აეროპორტმა 2023 წელს 2019 წლის მაჩვენებელს 91%-ით გადააჭარბა, ხოლო მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელმა ბათუმის აეროპორტში 99,58% შეადგინა.
რაც შეეხება შიდა დანიშნულების აეროპორტებს. მესტიის აეროპორტი მოემსახურა 10.217 მგზავრს, რაც 9%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე და 18%-ით მეტი პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელზე.
ამბროლაურის აეროპორტმა 2.225 მგზავრი მიიღო, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 16%-ით ნაკლებია და 13%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე.
ნატახტრის აეროპორტში მგზავრთნაკადი, 2019 წელთან შედარებით, 35%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წელთან შედარებით 16%-ით შემცირდა.
სულ საქართველოს აეროპორტებში 2023 წელს 26.290 რეისი შესრულდა. აქედან რეგულარული რეისია 21.280, ხოლო ჩარტერული - 5.010. 2022 წელთან შედარებით რეისების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 8%-ით.
2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 43 ავიაკომპანია ოპერირებს. ისინი ფრენებს 89 მიმართულებით ასრულებენ.
მგზავრების გადაყვანის რაოდენობით ქართულ საავიაციო ბაზარზე უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ლიდერობს. ავიაკომპანიას ბაზრის 21% უკავია. მან გადაიყვანა 1.270.737 მგზავრი.
ქართულ ბაზარზე ავიაკომპანიების ტოპ-5 2023 წელს
ავიაკომპანია | მგზავრების რაოდენობა, ადამიანი | წილი ბაზარზე,% |
Wizz Air Hungary | 1.270.737 | 21 |
Turkish Airlines | 627.078 | 11 |
Pegasus | 423.655 | 7 |
Georgian Airways | 326.873 | 5 |
Azerbaijan Airlines | 324.044 | 5 |
ათეულში შედის Fly Dubai (ბაზრის 4%), ასევე El Al Israel Airlines, Belavia, Israir და Air Arabia. მათ, თითოეულს, საქართველოს ბაზრის სამ-სამი პროცენტი უკავიათ.
გარდა ამისა, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების დონე 58%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 65%-ით. გასულ წელს სულ დაფიქსირდა გადაფრენის 232.491 ერთეული. 2023 წელს საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ შეადგინა 19.168,547 ტონა. 2022 წელთან შედარებით ტვირთბრუნვა 6%-ით გაიზარდა.