თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ერაყის ხელისუფლება ირანის მიერ სამშაბათ ღამით ერაყის ქურთისტანის ტერიტორიის დაბომბვას, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ აგრესიად მიიჩნევს და მზად არის, მიიღოს სამართლებრივი ზომები, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ერაყის რესპუბლიკის მთავრობა მტკიცედ გმობს ირანის აგრესიას ქალაქ ერბილის წინააღმდეგ, რომელიც საცხოვრებელი სახლების ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვაში გამოიხატა და რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა... ერაყის მთავრობა ამას ერაყის სუვერენიტეტისა და ერაყელი ხალხის უსაფრთხოების წინააღმდეგ აგრესიად განიხილავს. ეს არის კეთილმეზობლობის შეურაცხყოფა და რეგიონის უსაფრთხოების დარღვევა“, — აცხადებს უწყება.
ამასთან ქვეყნის მთავრობა ადასტურებს, რომ ირანის ამ ქმედებებზე პასუხად ყველა კანონიერ ზომას მიიღებს — გაეროს უშიშროების საბჭოში საჩივრის შეტანის ჩათვლით.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, უახლესი მოვლენების ფონზე, პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა შექმნას კომიტეტი, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მრჩეველი უხელმძღვანელებს. კომიტეტი გამოიძიებს თავდასხმას და შეაგროვებს „ზუსტს მტკიცებულებებსა და ინფორმაციას“.
„გამოძიების შედეგები გამოცხადდება ერაყის მხარეებისა და საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის ინფორმირებისთვის, რათა ამ დასაძრახი ქმედებების უკან მდგარ მხარეთა ბრალდებების სიცრუე დამტკიცდეს“, — დასძენს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მანამდე ერაყის ქურთისტანის დედაქალაქ ერბილის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ბალისტიკური რაკეტებით შეუტია ქალაქს, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა. მოგვიანებით IRGC-მ დაადასტურა, რომ ერაყსა და სირიაში ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების პოზიციებს იმ ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხად დაარტყა, რომლებიც ქერმანში მოხდა გენერალ ქასემ სულეიმანის საფლავთან, და რომლებზე პასუხისმგებლობაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.