თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატების შანსი არ ექნებათ, - განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
„რა თქმა უნდა, მორიგი განაჩენი დადგება ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ესეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას და ჩვენს იდენტობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიციის“ საქმიანობა სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" უწოდებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის თანამოაზრეებს, მათ შორის არიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“.
„ეს არ არის ახალი. ჩვენ ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ ამ ადამიანების, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა არის მიმართული პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა. ეს არის მათი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი და მთავარი მიმართულება“, - განაცხადა კობახიძემ.
არჩევნები 2024
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება" და „ნაცმოძრაობა" ინარჩუნებენ.