საქართველოში შშმ პირთათვის დახმარება გაიზარდა

გაზრდილი სოციალური პაკეტით 123 ათასამდე ბენეფიციარი ისარგებლებს.
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ".
ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ფინანსური დახმარება 20 ლარით იზრდება, მათ შორის მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირს სოციალური პაკეტი 175-დან 195 ლარამდე ეზრდება.
მთავრობა: შშმ პირთა უფლებების დაცვა ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება >>
გაზრდილი სოციალური პაკეტით 123 ათასამდე ბენეფიციარი ისარგებლებს. ბიუჯეტი დაახლოებით 46 მლნ ლარს შეადგენს.
საქართველოში შშმ პირები ოთხ ჯგუფად იყოფიან: პირველი (მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, მეორე (მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები), მესამე (ზომიერად მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და მეოთხე (ბავშვები - პირველი, მეორე, მესამე ჯგუფები).
წყარო - საქართველოს მთავრობა