თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები 13 ივლისს სეზონის პირველ ტესტ-მატჩს იაპონიის წინააღმდეგ გამართავს, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირი.
მატჩი იაპონიის ქალაქ სენდაიში გაიმართება.
ზაფხულის ტესტ-მატჩებში ქართული ნაკრების დანარჩენი მეტოქეები და თამაშის თარიღები მოგვიანებით გამოცხადდება.
საქართველოსა და იაპონიის რაგბის ნაკრებები ერთმანეთს ექვსჯერ შეხვდნენ და აქედან ხუთჯერ ბორჯღალოსნების მეტოქემ მოიგო. ყველაზე სასტიკი მარცხი ქართველებმა 2018 წლის ივნისში იგემეს - 0:28.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯღალოსნების ერთ-ერთი მეტოქე სატესტო შეხვედრებში შეიძლება სამხრეთ აფრიკის გუნდი იყოს.
საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკის გუნდს ორჯერ დაუპირისპირდა და ორჯერვე დამარცხდა - 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე (19:46) და 2021 წელს ტესტ-მატჩში (9:40).
Test-match - ესაა საერთაშორისო დონის მატჩი ოფიციალური შეჯიბრებების ფარგლებს გარეთ. ამხანაგური თამაშისგან განსხვავებით, ტესტ-მატჩებს World rugby-ს რეიტინგში ითვალისწინებენ.