თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. აშშ-ის გამანადგურებელმა წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტების მიერ ამერიკული სამხედრო გემისკენ გაშვებული ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში (CENTCOM).
„ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტთა ტერიტორიიდან იყო გაშვებული ამერიკული ავიამზიდის, Laboon-ის მიმართულებით, რომელიც წითელი ზღვის სამხრეთში ატარებდა ოპერაციას. რაკეტა იემენის სანაპიროსთან, ქალაქ ჰუდეიდის მახლობლად ჩამოაგდო ამერიკულმა გამანადგურებელმა“, — ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.
შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება „ანსარ ალა“, რომელიც იემენის ნაწილს, მათ შორის, დედაქალაქ სანას აკონტროლებს, 2023 წლის ნოემბრიდან ესხმის თავს წითელ ზღვაში მცურავ სავაჭრო გემებს, რომლებიც, მათი მტკიცებით, ისრაელთან არიან კავშირში. ამის გამო სუეცის არხით გადაზიდვები მკვეთრად შემცირდა.
12 იანვრის ღამით შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა მოძრაობა „ანსარ ალას“ წინააღმდეგ ოპერაცია წამოიწყეს და ავიადარტყმები მიიტანეს იემენის ოთხ პროვინციაში არსებულ სამიზნეებზე. პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის განმარტებით, ეს იყო პასუხი წითელ ზღვაში მცურავ გემებზე უპრეცედენტო თავდასხმებზე, რომელთა შეწყვეტისკენ მეამბოხეებს არაერთხელ მოუწოდეს.
როგორც მოძრაობის პოლიტბიუროს წევრმა ხუზამ ალ-ასადმა განაცხადა, იემენელი მებრძოლები მკაცრს პასუხს გასცემენ ლონდონისა და ვაშინგტონის ქმედებებს, რომლებიც „ინანებენ თავიანთ აგრესიას".
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია.
თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.