თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი 22 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით გასტროლებზე გაემგზავრება იტალიასა და გერმანიაში, სადაც სპექტაკლს „გედების ტბას“ წარადგენს.
პირველი წარმოდგენა კატანიაში, „მასიმო ბელინის თეატრში“ (Teatro Massimo Bellini) გაიმართება.
კატანიაში „გედების ტბა“ 28 იანვრამდე შვიდჯერ გავა, ამის შემდეგ ქართული დასი იტალიის სხვა ქალაქებში გაემგზავრება:
1 თებერვალი – Teatro Comunale di Modena,
4 თებერვალი – Teatri di Piacenza,
6 თებერვალი – Teatro Regio Parma.
9-10 თებერვალს დასი გადაინაცვლებს გერმანიის ქალაქ ლუდვიგსბურგში, სადაც სპექტაკლი „გედების ტბა“ ორჯერ იქნება ნაჩვენები Forum am Schlosspark-ში.
ბოლო საგასტროლო გამოსვლა შედგება იტალიის ქალაქ ვიჩენცაში 13 თებერვალს Teatro Comunale Citta di Vicenza-ში. უკვე 14 თებერვალს დასი თბილისში დაბრუნდება და ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება.