არანაირი პოლიტიკა – პაპუაშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გათავისუფლების შესახებ

ეროვნულ ბიბლიოთეკას კონსტანტინე გამსახურდია უხელმძღვანელებს.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. გიორგი კეკელიძის გათავისუფლება ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან საკადრო გადაწყვეტილებაა და მას არანაირი კავშირი არა აქვს პოლიტიკურ მოტივებთან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი კეკელიძე, რომელსაც ეს თანამდებობა 11 წელი ეკავა, გათავისუფლებულია. ბიბლიოთეკის დირექტორი საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია გახდება.
„რა თქმა უნდა, ბატონი გიორგის მადლობელი ვარ ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს და ყველა მცდელობა, ეს საკითხი პოლიტიკურ მოტივებს დაუკავშიროს, გარკვეული ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს.
„ეროვნული ბიბლიოთეკა არის ჩვენი საერთო, ქართველი ხალხის მემკვიდრეობა... რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ კონსტანტინე გამსახურდია ამ საკითხში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ საზოგადოებას არ გაუჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, შესაბამება თუ არა გამსახურდია ამ თანამდებობას.
„ეროვნული ბიბლიოთეკა არის დიდი კოლექტივი, პროფესიონალები, რომლებიც წლებია, ათწლეულებია, მუშაობენ, ემსახურებიან ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას, ემსახურებიან ჩვენი მომავალი თაობის განათლებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გამსახურდია თავისი მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად უახლოეს დღეებში შეუდგება.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის უდიდესი ბიბლიოთეკაა, რომლის ფონდებში ინახება უნიკალური წიგნები, აუდიოჩანაწერები და სხვა ისტორიული დოკუმენტები, მათ შორის, პირველი ქართული გაზეთი.
გავუმკლავდები: ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე თანამდებობიდან მოხსნეს>>
1955–1990 წლებში ბიბლიოთეკა გუნქციონირებდა, როგორც სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკა, ხოლო 1990 წლიდან ეროვნული ბიბლიოთეკის დასახელება მიიღო. 1991 წლიდან ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკების ასოციაციებისა და დაწესებულებების საერთაშორისო ფედერაციის (IFLA) წევრია.
1996 წლის 25 დეკემბრიდან ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული კონტროლის ქვეშ გადავიდა და მიიღო სახელწოდება „საქართველოს ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკა“. 2000 წელს მას ილია ჭავჭავაძის სახელი მიენიჭა.