თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თბილისის სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 9 იანვარს თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი დანით გულმკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა. დაზარალებული 27 წლის ქალი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სასამართლო პროცესი კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის" რეანიმაციულ განყოფილებაში გაიმართა, სადაც ბრალდებული, 30 წლის მამაკაცი მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ იყო.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.