თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარე წლის თებერვალში მოხდება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის დასკვნა გადამწყვეტია არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებისთვის. ამავდროულად, მისია აკვირდება როგორც ხმის მიცემის პროცესს, ასევე საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს მონაცემებით, გეგმაში დეტალურად არის გაწერილი ის ქმედებები და ვადები, რასაც ხელისუფლება ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად მიმართავს.
„სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებას და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მისიის მოწვევის საკითხი ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა, რომელიც პარტიების რეიტინგში მეორე ადგილზეა მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემდეგ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ხელოვნურად აჭიანურებს ამ პროცესს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიების გაგზავნის შესახებ ევროკავშირმა და აშშ-მა უკვე განაცხადეს.