ქართველი მოციგურავეები ევროპის ჩემპიონატზე ლიდერობენ

მეტელკინამ და ბერულავამ მოკლე პროგრამის შემდეგ 71,30 ქულა დააგროვეს.
Sputnik
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ლიეტუვის კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებს შორის მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ პირველი ადგილი დაიკავეს.
კაუნასი ევროპის ჩემპიონატს 10-14 იანვარს მასპინძლობს. პირველად ტურნირზე საქართველოს წარმოადგენს მოციგურავეების, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი. რუს სპორტსმენებს შეჯიბრებებში მოციგურავეების საერთაშორისო კავშირის (ISU) ეგიდით მონაწილეობა აკრძალული აქვთ.
მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინამ და ბერულავამ 71,30 ქულა დააგროვეს: 40,27 - ტექნიკური ელემენტებისთვის, 31,03 - პროგრამული კომპონენტებისთვის, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და ამ შედეგით ქართული წყვილი პირველ ადგილზეა.
ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა
მეორე პოზიციაზეა ფაბიენ ხასესა და ნიკიტა ვოლოდინას გერმანული წყვილი (69,63) და მესამეზე იტალიური ლუკრეცია ბეკარისა და მატეო გუარიზეს წყვილი (67,05).
სპორტული წყვილები თავისუფალი პროგრამით 11 იანვარს თბილისის დროით 22:00 საათზე გამოვლენ. ამავე დღეს მოკლე პროგრამით გამოვა ანასტასია გუბანოვა.
რაც შეეხება ქართველ მოციგურავეს ნიკა ეგაძეს, მან მოკლე პროგრამაში 77,00 ქულა დააგროვა და მეათე ადგილზეა. ის თავისუფალი პროგრამით 12 იანვარს გამოვა.