სააკაშვილის სასამართლო 21 თებერვლისთვის გადაიდო

ექს-პრეზიდენტმა პროცესში მონაწილეობაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი განაცხადა.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა 8,8 მლნ ლარზე მეტი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეზე 21 თებერვლისთვის გადაიდო - მთავარმა ბრალდებულმა პროცესზე დასწრებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უარი თქვა.
როგორც საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ბრალდებულს პროცესში მონაწილეობა შესთავაზეს დარბაზში დასწრებით ან დისტანციური ფორმით, რაზეც სააკაშვილმა უარი თქვა.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, გამოცხადებული მოწმის დაკითხვაზე ორივე მხარე უნდა იყოს თანახმა. ერთი მხარე თუ წინააღმდეგია და მეორე ითხოვს დაკითხვას, ასეთ დროს მოწმე ვერ დაიკითხება.
„ეს გაუგებრობა აღმოვფხვრათ იმით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბრალდებულის პროცესში უშუალო მონაწილეობა ან მისი ნება იყოს მკაფიოდ გარკვეული. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად დღევანდელი სხდომა გადავდოთ და გამოცხადებული მოწმე შემდეგ პროცესზე დავკითხოთ. შემდეგი სხდომა გაიმართება 21 თებერვალს, 11:00 საათზე. დღევანდელი სხდომა ამით დასრულებულია", - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.