თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. მარნეულში ძაღლზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმეზე მორიგი პროცესი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 28 თებერვლისთვის ჩაინიშნა.
ძაღლზე ძალადობის ვიდეოკადრები სოციალური ქსელით ორი დღის წინ გავრცელდა. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩაღანში მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ცხოველს სასტიკად სცემს ჯოხით.
ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, მარნეულის პოლიციის სამმართველოსთან მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები შეიკრიბნენ. ისინი ძაღლზე ძალადობაში ბრალდებული პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვდნენ.
მარნეულის პოლიციის უფროსის, გიორგი ნავროზაშვილის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ძაღლი ვერ იპოვეს, მოწმეთა გამოკითხვით ირკვევა, რომ ცხოველი მოკვდა. შემთხვევა დეკემბერში მოხდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.