თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ქართულმა ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების თემაზე კონსულტაციები დროულად უნდა დაიწყოს, რადგანაც 5%-იანი გამსვლელი ბარიერი სერიოზული პრობლემაა, განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
„5-პროცენტიანი ბარიერის არსებობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა და თუ გამსხვილება არ მოხდება, ეს „ქართულ ოცნებას" შესაძლებლობას მისცემს, გადაუნაწილებელი მანდატები თავის ყულაბაში წაიღოს და უმრავლესობა შეინარჩუნოს. ამიტომ კონსულტაციები დროზეა დასაწყები, რათა არ იყოს შესაძლებლობა, პარტიები ხუთი პროცენტის მიღმა დარჩნენ", - განაცხადა აქუბარდიამ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, მაგრამ კონსულტაციებით მას ჯერ არ ჰქონია.
მისი თქმით, აქამდე არ არის ოპოზიციის სტრატეგიის მკაფიო კონტურები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღებენ მონაწილეობას 2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებში. საუბარია არა პარტიულ პროგრამებზე, არამედ ზოგად ხედვაზე, აღნიშნა აქუბარდიამ.
პარტიების რეიტინგები
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება" დანარჩენებთან შედარებით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. კითხვაზე "რომელ პარტიას მისცემდით ხმას, დღეს რომ ყოფილიყო საპარლამენტო არჩევნები?", გამოკითხულთა 55%-მა დაასახელა „ქართული ოცნება", შემდეგ მოდის პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" / „სტრატეგია აღმაშენებელი" - 20%.
მესამე ადგილს 4%-ის მხარდაჭერით ინაწილებენ პარტიების კოალიცია „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა", ასევე „ლელო საქართველოსთვის".
ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, „ქართული ოცნება" 37%-ს აგროვებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი" - 21%-ს. მესამე ადგილზეა პარტია „საქართველოსთვის" 9%-ით, შემდეგ მოდის „ლელო" - 5%, „გირჩი"/"დროა" - 4%.
ასევე, ოთხ-ოთხ პროცენტს აგროვებენ პარტიები "ხალხისთვის", "ლეიბორისტული პარტია", „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი".
პარტია „ალტ-ინფოს" აქვს 3%, „ხალხის ძალას" და „მოქალაქეებს" - ასევე 3%. „პატრიოტთა ალიანსმა" 2% დააგროვა, ხოლო „ევროპულმა საქართველომ" - 1%. ყველა სხვა პარტიამ ასევე დააგროვა 1%.
არჩევნები 2024
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.