კალაძე: თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 2 მლრდ ლარამდე გახდება

მიმდინარე წელს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობაზე 542,4 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოყოლილი თანხები და დამატებითი შემოსავლები 2024 წლის ბიუჯეტში მთლიანად აისახება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის გასული წლის ბიუჯეტი 95%-მდე, ხოლო საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით არის შესრულებული
„2023 წელი საკმაოდ წარმატებით დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, მისი შესრულება დაახლოებით 100 მლნ ლარით არის გადაჭარბებული“, - განაცხადა მან.
კალაძის განმარტებით, 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც 1 მილიარდ 763 მილიონი ლარის ოდენობით დამტკიცდა, გახდება 1 მილიარდ 963 მლნ ლარი, რადგან წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოყოლილი თანხები და დამატებითი შემოსავლები დაემატება.
„ეს საშუალებას მოგვცემს, ქალაქისთვის უფრო მეტი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განვახორციელოთ. პირობას გაძლევთ, რომ 2024 წელი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისი განმარტებით, უახლოეს მომავალში მოსახლეობა გაიგებს, თუ რაში დაიხარჯება დამატებითი რესურსები და ქალაქისთვის მნიშვნელოვან რომელ ღონისძიებებს მოხმარდება.
დედაქალაქის ფინანსურ დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის თბილისის ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი ტრანსპორტსა და გარემოს დაცვას მოხმარდება.
დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია>>
პროგნოზის თანახმად, თბილისის ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით 1,65 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 918,7 მილიონი გადასახადები და მოსაკრებლებია, 446 მილიონი - გრანტები.
რაც შეეხება ხარჯებს, ისინი განისაზღვრა 1,7 მილიარდი ლარით, რაც 132 მილიონით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით.