თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. კონსულტინგურმა კომპანია Henley & Partners-მა საპასპორტო ინდექსის უახლესი ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც ქართული პასპორტი 50-ე პოზიციაზეა განთავსებული.
ყველაზე დაბალი ინდექსი 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქართული დოკუმენტი 79-ე ადგილზე აღმოჩნდა.
საპასპორტო ინდექსი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება ქვეყნების უვიზო მიმართულებების რაოდენობის მიხედვით. ანუ იმის მიხედვით, თუ რამდენი მიმართულებაა ხელმისაწვდომი ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ინდექსი მოიცავს 199 სხვადასხვა პასპორტს და 227 სხვადასხვა სამოგზაურო მიმართულებას.
ქართული პასპორტების მფლობელებს ამ დროისათვის 121 სამოგზაურო მიმართულებაზე აქვთ წვდომა ვიზაზე განაცხადის გარეშე.
Henley & Partners-ის რეიტინგში პირველი ადგილი ერთდროულად ექვსმა ქვეყანამ დაიკავა. ესენია: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური და ესპანეთი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 194 ქვეყანაში შეუძლიათ. ხოლო ბოლო სამ პოზიციაზე ერაყის, სირიისა და ავღანეთის პასპორტები მოხვდა.
რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს: რუსული პასპორტი 51-ე ადგილზეა, სომხური — 74-ზე, აზერბაიჯანული — 70-ზე, თურქული — 52-ზე.