ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა სურთ – ვოლსკი შობის თარიღის ირგვლივ კამათზე

საქართველოს მართლმადიდებლებმა კვირას ერთ–ერთი ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაული შობა აღნიშნეს.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ეკლესიაში პოლიტიკური თემების შეტანა – ეს ერთ–ერთი რესურსია, რომელსაც „რადიკალური ოპოზიცია ეკლესიასთან დაპირისპირებისა და მისი ავტორიტეტის შელახვისთვის იყენებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
ქართველმა მწერალმა და დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ შობის 7 იანვარს აღნიშვნას „რუსული შობა" უწოდა და აღნიშნა, რომ ყველა ქრისტიანმა ეს დღე ორი კვირით ადრე - 25 დეკემბერს აღნიშნა. მოგვიანებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ მსგავს სიმბოლოებს პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მისი აზრით, 7 იანვარი რუსული ორიენტირის ნიშანია.
„შობის თარიღი დადგენილია საკმაოდ სერიოზული ასტრონომიული, მათემატიკური გამოთვლებით და ამ თემის რუსეთზე მიბმა არამარტო მკრეხელობა, არამედ შეზღუდული აზროვნების დემონსტრირებაა. თვითონ ეკლესიაში პოლიტიკური თემების შეტანა ერთ-ერთი რესურსია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს. მიზანი ერთია - დაპირისპირება ეკლესიასთან და მისი ავტორიტეტის შელახვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" უწოდებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის თანამოაზრეებს, მათ შორის არიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მწერალ ლაშა ბუღაძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფსევდოლიბერალური მომხრეების ერთ-ერთი საყვარელი მწერალი უწოდა.
კობახიძემ მწერალსა და მის თანამოაზრეებს შეახსენა, რომ რომის პაპმა იულიუსის კალენდრისგან განსხვავებული კალენდარი მე-16 საუკუნის ბოლოს დაადგინა, და მართლმადიდებლური ეკლესია იულიუსის კალენდარზე რჩებოდა ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, ქართულისგან განსხვავებით, ავტოკეფალიაც არ ჰქონდა მიღებული.
კობახიძემ განმარტა, რატომ აღინიშნება შობა 7 იანვარს>>
ანუ, მართლმადიდებლური შობა ქართულია თუ რუსული, „ამაზე მკაფიო პასუხს მისი უდიდებულესობა ისტორია იძლევა, რომლისგანაც ფსევდოლიბერალური საზოგადოება, რომელიც ზემოხსენებულ მწერალს წაუკითხავი წიგნების გამო ეტრფის, აშკარად ძალიან შორსაა", - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს მართლმადიდებლებმა კვირას ერთ–ერთი ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაული – ქრისტეშობა აღნიშნეს. ყველა ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში ღამე საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა. ამ დღეს მთელ ქვეყანაში საზეიმო საშობაო მსვლელობა „ალილო" გაიმართა.