ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 9 იანვარს თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი დანით გულმკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა.
დაზარალებული 27 წლის ქალი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. რაც შეეხება ბრალდებულს, იგი ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და გადის შესაბამის მკურნალობას.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. 30 წლის მამაკაცს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა