აღუწერელი და აუხსნელია - ანრი ოხანაშვილი ხატთან დაკავშირებულ ინციდენტზე

ვინც ამ ხატს საღებავი გადაასხა, ეს ხალხი ებრძვის ეკლესიას, რელიგიას და ეს არ არის მხოლოდ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა, აღნიშნა ოხანაშვილმა
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. აუხსნელია, რატომ გადაასხეს საღებავი სამების ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატს სტალინის გამოსახულებით, მაგრამ ადამიანებს, ვინც ეს გააკეთა, ეს ქმედებები დღეს არ დაუწყიათ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.
აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სამშაბათს, 9 იანვარს უცნობმა პირებმა წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს. ამასთან საღებავით მხოლოდ ხატის ცენტრალური ადგილი დაზიანდა, სტალინის გამოსახულება კი მარცხენა მხარესაა. ამჟამად მსგავსი შეურაცხყოფისთვის საქართველოში სასჯელი არ არსებობს.
„მასშტაბი, რაც მიიღო ამ ქმედებამ, ეს არის ყოვლად აღუწერელი და აუხსნელი. ამ ხალხს, ვინც ამას აკეთებს, დღეს არ დაუწყიათ ეს ქმედებები, უბრალოდ ეს იყო სრულიად სხვა მასშტაბის ქმედება, რომ იკადრეს და ტაძარში განახორციელეს ასეთი რამ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება მათ ქმედებებს, ეს ხალხი ებრძვის ეკლესიას, რელიგიას და ეს არ არის მხოლოდ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა. რა მასშტაბიც ამან შეიძინა, სხვა სივრცეს არ ტოვებს, რომ არა შესაბამისი საკანონმდებლო რეაგირება, განაცხადა დეპუტატმა.
„მსგავსი მასშტაბის ბოლშევიზმის გამოვლინება, ამ რადიკალური ჯგუფების მხრიდან არ მახსენდება. ასეთი ქმედებები რომ პასუხისმგებლობას უნდა დაექვემდებაროს, ამას ვინმე სადავოდ ხდის?!“ - აღნიშნა ოხანაშვილმა.
მანამდე ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას რელიგიური ნაგებობებისა და რელიგიური ატრიბუტიკის შეურაცხყოფისთვის,
საქართველოში სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრება სურთ >>
მისი თქმით, დეპუტატებიაღნიშნულ საკითხზე უკვე სწავლობენ საერთაშორისო და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს.
ოხანაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლისსამართლებრივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს, საქართველო კი სხვა ქვეყნების გამოცდილებას გაიზიარებს.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი
საზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.
როგორც აღმოჩნდა, წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს.ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
ინფორმაციამ ფართო რეზონანსი გამოიწვია არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, არამედ ოპოზიციურ მასმედიაშიც. თუმცა, ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე საპატრიარქოს მხრიდან ჯერჯერობით არ ყოფილა. მაგრამ ეს საკითხი განმარტა მხოლოდ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. როგორც მან აღნიშნა, საკითხი შობის დღესასწაულზე შემთხვევით არ წამოწიეს და ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დღესასწაულის გადაფარვა უნდათ სკანდალით.