სტალინის ხატი სამების ტაძარში - პოლიციამ საქმე აღძრა

საღებავი არ მოხვდა ხატის იმ ადგილს, სადაც სტალინია გამოსახული
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
სამშაბათს, 9 იანვარს უცნობმა პირებმა წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს. ამასთან საღებავით მხოლოდ ხატის ცენტრალური ადგილი დაზიანდა, სტალინის გამოსახულება კი მარცხენა მხარესაა.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.